ისტორიის კონკურს „დიდგორელის“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამარჯვებული „არემჯის“ სტიპენდიანტი გახდა

საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ისტორიის კონკურს „დიდგორელის“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის ფინალისტების დაჯილდოება  გაიმართა.

ქვემო ქართლში, რიგით მე-5 მუნიციპალიტეტის გამარჯვებული და „არემჯის“ 6 თვიანი სტიპენდიის მფლობელი, თელეთის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ქეთი კიკოლაშვილი გახდა.

„დიდგორელში გამარჯვება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს პროექტი ახალგაზრდების განვითარებას, მათი საქართველოს ისტორიით დაინტერესებას უწყობს ხელს.  მინდა ყველა მოსწავლეს ვურჩიო, ჩაერთოს ამ პროექტში, რათა კიდევ უფრო გაიღრმაონ საკუთარი ცოდნა“ – აღნიშნა ქეთი კიკოლაშვილმა.

ისტორიის კონკურს „დიდგორელში“  გარდაბნის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები მაისი თვეში ჩაერთნენ. საგანმანათლებლო პროექტის პირველ ტურში ისტორიის ტესტი 500-მდე მოსწავლემ წერა. პროექტის ავტორის, ისტორიკოს ლევან ჟვანიას თქმით, კონკურსით დაინტერესებული ახალგაზრდების რაოდენობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, ამიტომ „დიდგორელი“ძალიან სწრაფად ვითარდება და ბევრ ახალ კომპონენტს იძენს.

„ჩვენ ვგეგმავთ სამუშაო შეხვედრების გამართვას ქეთისთან და „დიდგორელის“ სხვა გამარჯვებულებთან, რათა პროექტში ერთობლივად შევიტანოთ სიახლეები. ჩანაფიქრში გვაქვს, ისტორიის თემაზე მინი ფილმების გადაღება, რომ ახალგაზრდებს და მთლიანად საზოგადოებას გავაცნოთ უცნობი, საინტერესო დეტალები საქართველოს ისტორიიდან.“ – განაცხადა  „დიდგორელის“ ავტორმა ლევან ჟვანიამ.

ისტორიის კონკურს „დიდგორელს“ საფუძველი 2018 წელს, თეთრიწყაროში ჩაეყარა. ამ დროისთვის  თეთრიწყაროს, ბოლნისის, დმანისის, მარნეულის და ახლა უკვე გარდაბნის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებში, პროექტში ჩართული მონაწილეების რაოდენობამ 1500-ს გადააჭარბა.

„ „არემჯი“ პროექტ „დიდგორელის“ მხარდამღერია, მისი დაარსების დღიდან. გარდაბნის მინიციპალიტეტში კონკურსის პირველ ტურში 500-მდე ახალგაზრდა ჩაერთო, რაც იმაზე მიუთითებს, რომ დაინტერესება არის ძალიან დიდი. ჩვენ გვინდა, რომ სტიმული მივცეთ ამ ბავშვებს და სწორედ ამიტომ,  პროექტის გამარჯვებულს ტრადიციულად არემჯის ექვს თვიანი სტიპენდია დაენიშნება. კომპანია მზად არის, რომ „დიდგორელთან“ ერთად სხვა მუნიციპალიტეტებშიც იმოგზაუროს და რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა გააერთიანოს საქართველოს ისტორიის ირგვლივ.“ – განაცხადა „არემჯის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნატალი ნოზაძემ.

NO COMMENTS

LEAVE A REPLY