საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არემჯის სამთო-გეოლოგიური ტექნოლოგიების ცენტრი გაიხსნა

კომპანია არემჯიმ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ბაზაზე, ინოვაციური, სამთო-გეოლოგიური ტექნოლოგიების ცენტრი გახსნა.

საზეიმო ღონისძიებაზე არემჯის აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ლიპარტიამ და სტუ-ს რექტორმა დავით გურგენიძემ მხარეებს შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში განახლებულ სამოქმედო გეგმას მოაწერეს ხელი. განახლებული გეგმა სტუდენტებისთვის არაერთი საინტერესო  პროექტის შეთავაზებას ითვალისწინებს.

თორნიკე ლიპარტია არემჯის აღმასრულებელი დირექტორი: „განათლების ხელშეწყობა და სტუდენტური მხარდაჭერა ჩვენი კომპანიის CSR-პროგრამის ერთერთი პრიორიტეტია. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ვფიქრობ, რომ სწორედ ის სასწავლებელია, რომელიც  ყველა ჩვენთვის საჭირო პროფესიას აერთიანებს. მოხარული ვარ, რომ ახალი სამთო-გეოლოგიური ტექნოლოგიების ცენტრი ღია იქნება სხვადასხვა საფეხურზე მყოფი სტუდენტებისთვის, რომლებიც თეორიულ ცოდნასთან ერთად, ადგილზე   განსხვავებულ და თანამედროვე ტექნოლოგიებს შეისწავლიან.“

არემჯის სამთო-გეოლოგიური ტექნოლოგიების ცენტრი  სრულიად ახალი თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი მულტიფუნქციური  საგანმანათლებლო პლატფორმაა. ცენტრი ბაკალავრის საფეხურის  დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს მისცემს საშუალებას მაღალ ტექნოლოგიურ ბაზაზე იმუშაონ საკურსო,  სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომებზე. ასევე ცენტრში არსებული მძლავრი პროგრამული ბაზა სტუდენტებს მისცემს საერთაშორისო პროექტებში, კონფერენციებში, ვორკშოფებსა და ვებინარებში წარმატებული პოზიციონირების შესაძლებლობას.

დავით გურგენიძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი: „დღეს მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და არემჯის ცხოვრებაში. ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ ურთიერთ თანამშრომლობა, რომელსაც მრავალი წელია ერთად ვემსახურებით. სწორედ სამთო ფაკულტეტის აღზრდილები არიან, ის ინჟინრები, ტექნოლოგები, რომლებიც ამ დარგს ემსახურებიან. ახალგაზრდები, დამსაქმებლები, უნივერსიტეტები ერთად ეწევიან იმ შრომას, რომელსაც შემდგომში მათ დააყენებს იმ გზაზე, რომელსაც ჰქვია ქვეყნების განვითარება.“

ტექნოლოგიების ცენტრში პერიოდულად ლექციებს და სემინარებს გამართავენ არემჯის მენეჯერები და სხვადასხვა მიმართულების ხელმძღვანელები, ასევე მოწვეული ქართველი და საერთაშორისო სპეციალისტები.

აღსანიშნავია, რომ სამთო-გეოლოგიური ტექნოლოგიების ცენტრი, არემჯისა და ტექნიკურ უნივერსიტეტის  წარმატებული თანამშრომლობის შედეგია  და ის საქართველში სამთო-გეოლოგიის მიმართულების განვითარებას ისახავს მიზნად. 

NO COMMENTS