რუსთავში მონიტორინგის კამპანიის ფარგლებში კიდევ ერთი საწარმო შემოწმდა

ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონმდებლობის ეფექტურად აღსრულების მიზნით, რუსთავში მოქმედი საწარმოების მასშტაბური მონიტორინგი გრძელდება.

ერთობლივი მონიტორინგის კამპანიის ფარგლებში, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ლევან ვეფხვაძე, დღეს კომპანია ,,ჯეოსთილში“ იმყოფებოდნენ,

,,საწარმოებმა ჩვენთან გამართულ შეხვედრაზე, გააჟღერეს, რომ რუსთავში ატმოსფერული ჰაერის გაუმჯობესების კუთხით, მათ გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგმული აქვთ. მონიტორინგი ჩვენ გასულ კვირას დავიწყეთ, დღეს უკვე მეორე საწარმოში – ,,ჯეოსთილში“ ვიმყოფებით. არის გარკვეული წინსვლა და მნიშვნელოვანი ცვლილებები, თუმცა ეს არ არის საკმარისი. პარლამენტის მიერ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებასთან თანხვედრაში უნდა მოვიდეს ამ და სხვა კომპანიების საწარმოო პროცესი, იმისთვის, რომ რუსთავის ეკოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდეს“, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ,,ჯეოსთილში“ მდგომარეობა გაცილებით უკეთესია, ვიდრე რამდენიმე თვის წინ.

,,თვითმონიტორინგის სისტემა ,,ჯეოსთილში“ პრაქტიკულად მოწყობილია, დასაზუსტებელია გაფრქვევის ნორმები. კომპანიას ბევრი რამ კვლავ რჩება გამოსასწორებელი, თუმცა ის ნაბიჯები, რაც უკვე გადაიდგა ჰაერის მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესების კუთხით, ნამდვილად თვალსაჩინოა. არის გარკვეული საკითხები, მათ შორის ჯართის წვის პროცესის, რაც უნდა გადაჭრან“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ნინო თანდილაშვილის განცხადებით, ,,ჯეოსთილმა“ უკვე დაამონტაჟა ემისიების ასპირაციის უწყვეტი მონიტორინგის სისტემა.

,,ფაქტია, რომ ამ საწარმოს უკვე აქვს განთავსებული თანამდროვე ფილტრებით აღჭურვილი ასპირაციული, ასევე თვითმონიტორინგის სისტემები. ჯერჯერობით მათი სისტემა, ჩვენს ონლაინ მონიტორინგის სისტემაში ჩართული არ არის, რომ უფრო დეტალურად ვნახოთ, როგორია გაფრქვევა. ამ მიმართულებით საწარმოსთან მუშაობას და მონიტორინგს ვაგრძელებთ“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

2020 წელს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონში და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პაკეტი მომზადდა, რომელიც პარლამენტმა 2021 წლის გაზაფხულზე გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონთან ერთად დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, მსხვილ საწარმოებს ონლაინ, უწყვეტ რეჟიმში ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის თვითმონიტორინგის, ასევე ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით, საწარმოს აირმტვერდამჭერი მოწყობილობებით აღჭურვის უზრუნველყოფის ვალდებულებები დაეკისრათ. აღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საწარმოებს მნიშვნელოვანი, გაზრდილი სანქციები დაეკისრებათ და უპრეცედენტოდ მაღალი ჯარიმების გადახდა მოუწევთ.

NO COMMENTS