რუსთავი დამეგობრებულ ქალაქებს უკრაინაში ჰუმანიტარულ ტვირთს უგზავნის

რუსთავის მუნიციპალიტეტი, უკრაინაში დამეგობრებული ქალაქების მოსახლეობისთვის, ჰუმანიტარულ ტვირთს, უახლოეს დღეებში გააგზავნის.

რუსთავის მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით, კერძო ბიზნესის დახმარებით და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით შეძენილი პირველადი მოხმარების ნივთებისა და მედიკამენტების მობილიზება, რუსთავის მერიაში ორი დღეა აქტიურად მიმდინარეობს.

,,უკრაინაში დღეს ძალიან მძიმე დღეებია. რუსთავი, უკრაინის ხუთ ქალაქთანაა დამეგობრებული, ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში კომუნიკაცია გვაქვს და სწორედ მათი საჭიროებებიდან გამომდინარე დავგეგმეთ ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება. საჭიროებიდან გამომდინარე, ჩვენ ჰუმანიტარულ აქციას კიდევ გავაგრძელებთ. მინდა მადლობა ვუთხრა ბიზნესს, თითოეულ რუსთაველს, ვინც აქტიურად იყო ჩართული, იმაში რომ ჩვენ მოძმე ერს გვერდით დავუდგეთ და ამ მძიმე დღეების გადატანაში დავეხმაროთ“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

ქვემო ქართლის გუბერნატორის გიორგი დოხტურიშვილის განცხადებით, უკრაინელი ხალხისთვის პირველადი მოხმარების ნივთებისა და მედიკამენტების მობილიზება მთელი რეგიონის მასშტაბით მიმდინარეობს.
,,ქვემო ქართლის რეგიონის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში მოხდა ჰუმანიტარული ტვირთის მობილიზება. შეგროვებულია მედიკამენტები, ბავშვთა კვება და სხავდასხვა პირველადი მოხმარების ნივთები, რომლის უკრაინაში ტრანსპორტირება საქართველოს მთავრობის ჩართულობით მოხდება. ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ ჰუმანიტარული მიმართულებით ტვირთის მობილიზებას“, – განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.

რუსთავის მერიის მიერ ორგანიზებულ ჰუმანიტარულ აქციაში, საკრებულოს დეპუტატები ,,ქართული ოცნებიდან“ და პარლამენტში, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი შატაკიშვილი იყვნენ ჩართულები.

,,ისევე როგორც მთელი საქართველო, რა თქმა უნდა რუსთავი და რუსთაველებიც შევუერთდით ჩვენი მოძმე ერის მიმართ სოლიდარობისა და მხარდაჭერის აქციას. ერთობლივად შეგროვდა ჰუმანიტარული ტვირთი და უახლოეს დღეებში გაიგზავნება უკრაინაში“, – განაცხადა ირაკლი შატაკიშვილმა

რუსთავს, უკრაინის ქალაქებთან: ივანო ფრანკოვსკთან, ჩერკასთან, ხმელნიცკთან, ვინიცასთან და კრივოი როგთან, განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებს. ქალაქის მერიას ხშირი კომუნიკაცია აქვს მათთან და ჰუმანიტარული ტვირთის სახეობაც, მათი საჭიროებების მიხედვით განისაზღვრა. ჰუმანიტარული ტვირთი საქართველოს მთავრობის დახმარებით გაიგზავნება უკრაინაში.

NO COMMENTS