რუსთავის მერია აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა დაფინანსების პროგრამის ბიუჯეტს ზრდის

რუსთავის მერია აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა დაფინანსების პროგრამის ბიუჯეტს ზრდის, – ამის შესახებ ნინო ლაცაბიძემ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისა და მოზარდების მშობლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

პროგრამის ბენეფიციარების მშობლებს რუსთავის მერი, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა.

როგორც რუსთავის მერმა განაცხადა, მშობლებმა შეხვედრისას დააყენეს გარკვეული საკითხები, რომლებიც მუნიციპალიტეტის მხრიდან სწრაფ რეაგირებას და ჩარევას საჭიროებდა.

„ძალიან მიხარია, რომ დღეს განახლებული პაკეტი შევთავაზეთ მშობლებს. რუსთავში ბავშვებს რეაბილიტაციის პროცესში მეტი მხარდაჭერა, რომ ჰქონდეთ, პროგრამა კიდევ უფრო გავაუმჯობესეთ. ბენეფიციარების ასაკი 18 წლამდე გაიზარდა, ყოველთვიური თერაპიული სეანსების რაოდენობა 17 საათამდე გაიზრდება. ამასთან ერთად, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები და მოზარდები სპორტული და სახელოვნებო სექციებით უფასოდ ისარგებლებენ. დავგეგმეთ, რომ 2023 წლისთვის პროგრამის კიდევ უფრო გაუმჯობესებული პაკეტის შემუშავების პროცესში, ყველა ერთად ჩავერთვებით“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტი აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების თერაპიული სეანსების დაფინანსებას 50 ათასი ლარით ზრდის.

„რუსთავში შენდება ახალი სარეაბილიტაციო ცენტრი, სარემონტო სამუშაოები თითქმის დასრულების ფაზაშია. ცენტრის მენეჯმენტის ფორმირების შემდეგ, მშობლების ჩართულობით, ჩვენ შევეცდებით რაც შეიძლება სწრაფად ვუზრუნველყოთ ჩვენი ბავშვები სხვა დამატებითი საჭირო სერვისებით“, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავის მუნიციპალიტეტი 33 სოციალურ პროგრამას ახორციელებს. მიმდინარე წელს სოციალური პროგრამების ბიუჯეტი რუსთავში გაზრდილია და მისი საწყისი თანხა 5 მილიონ ლარს შეადგენს.

NO COMMENTS